Studentjob.ge – საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე

www.studentjob.ge-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სტენდი და ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია studentjob.ge-სა და ჩვენი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ხორციელდება.
ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის” მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო studentjob.ge-ის ახალგაზრდული დასაქმების პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა.
სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.
ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.

 

« »
💙 2020 studentjob.ge