15 თებერვალს, 15:00სთ-ზე სასტუმრო „მუზეუმში“ HR hub-ის, studentjob.ge-ისა და ფონდი ‘’კრისტალის’’ ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდენტური დასაქმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების ხელმძღვანელები. ისინი ერთობლივად იმსჯელებენ სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია. დასასრულს შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტი „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების კომპონენტში პარტნიორია USAID – ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“.