რა სიურპრიზი გაუკეთა HR hub-ის წევრს მეუღლემ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს HR Reborn-თან?

მარიამ თათხაშვილი HR hub-ის წევრია მისი დაარსების დღიდან. ის სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საბა ვეკუაა, რომელიც დაგვიკავშირდა და მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.  საბა იყო პირველი, ვინც HR Reborn-ის ბილეთი შეიძინა. სანამ ბილეთების ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა საბამ გვთხოვა, რომ ძალიან ეჩქარებოდა, ვინაიდან მარიამის დაბადების დღისთვის უნდა მოესწრო მისი შეძენა.

გადავწყვიტეთ ეს სახალისო ისტორია თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ჩვენ დავუკავშირდით მარიამს და საბას და სიურპრიზთან ერთად მათი სიყვარულის ამბავსაც მოგიყვებით.

 

საბა რატომ გადაწყვიტე მარიამისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი გეჩუქებინა ?

მეც და მარიამიც საპიოსექსუალები ვართ – ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი პარტნიორის გონებრივი შესაძლებლობებია. გონებას კი ყოველთვის ესაჭიროება ახალი გამოწვევები და სავარჯიშოები, რათა შეინარჩუნოს ფორმა და კიდევ უფრო დაიხვეწოს. მარიამისთვის თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოცდის საყვარელი ასპარეზი მისი პროფესიაა, რომლის გარეშეც ის მგონი არავის მის გარშემო არ წარმოუდგენია. ყველაფრის გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ვერაფრით გავახარებდი მარიამს ისე ძალიან, როგორც ამ საჩუქრით და ვერაფერს მოვახდენდი უკეთესს, ვიდრე მის კიდევ უფრო დახვეწილ და განვითარებულ გონებრივ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

რა ვითარებაში გადაეცი საჩუქარი ?

საჩუქარი გადავეცი მარიამის დაბადების დღის წვეულებაზე, რომელსაც ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

როგორი იყო მარიამის რეაქცია ?

მარიამი ზოგადად ემოციურია, ამიტომ მისგან ცრემლები გასაკვირი არაა, მაგრამ მისმა რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სიტყვებით ძალიან მიჭირს მისი რეაქციის გადმოცემა, მაგრამ ასეთი ბედნიერი და აჟიტირებული მხოლოდ ერთხელ, ჩვენი ქორწილის დღეს მახსოვს.

მარიამ ელოდი თუ ამ საჩუქარს ?

აბსოლუტურად არ ველოდი, ვიცოდი, რომ , როგორც ყოველთვის, რაღაც განსაკუთრებულს მოიფიქრებდა და საოცრად გამახარებდა, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიადაც არ მქონია ეს საჩუქარი.

რამდენი ხანია რაც დაოჯახდით ?

მარიამი: 17 ივლისს გვქონდა ქორწილი, 6 თვე გავიდა და ყოველი თვის 17 რიცხვი ახლა უკვე განსაკუთრებულია ჩემთვის, ყოველ თვეს აღვნიშნავთ.

საბა: ახლახან გავიდა 6 თვე, 17 იანვარს, მაგრამ ჯერ კიდევ გვიჭირს რეალობის აღქმა და დაჯერება, რომ ყველაფერი რაზეც ვოცნებობდით და ვგეგმავდით შევასრულეთ.

 

რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი ?

მარიამი: ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ, ე.წ. pen friends ვიყავით, სკაიპით გავიცანით ერთმანეთი, ძალიან ვმეგობრობდით, მაგრამ პირველად 3 წლის წინ შევხვდით და რამდენიმე შეხვედრის მერე ერთ თვეში გავხდით წყვილი.

საბა: ერთმანეთი სკაიპის „ბუმის“ დროს გავიცანით, 2006 წლის 9 დეკემბერს. დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე აღვნიშნეთ „დამეგობრების“ 10 წლის იუბილე. რეალური ურთიერთობა 3 წლის წინ დავიწყეთ. თავიდან, ასე ვთქვათ, ავანტიურა იყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა. მაშინაც, როდესაც პირველად გამოვუტყდი გრძნობებში, უამრავ სხვა სურპრიზთან ერთად ერთი საპიოსექსუალური საჩუქარიც მივართვი – Kindle Fire. წლევანდელი საჩუქარი, ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა.

მარიამ ხშირად გიკეთებს თუ არა საბა სიურპრიზებს და რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ?

ძალიან ხშირად. არ სჭირდება განსაკუთრებული დღეები ამისთვის, სრულიად ჩვეულებრივი დღე ისე გაუხალისებია, სულ რაღაცის მოლოდინში ვარ მისგან J ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი განსაკუთრებული იყო. გამორჩეულად მახსოვს ხელის თხოვნა – შარშან ჩემს დაბადების დღეზე კართან დამახვედრა დიდი კალათა ვარდებით. ცოტა გამიკვირდა, მეტ კრეატივს ველოდი საბასგან, მაგრამ კალათის შიგნით აღმოჩნდა მთავარი სურპრიზი: ბევრი კაკალი ეყარა და თითო კაკალში მხვდებოდა ან წერილი, ან ტკბილეული, ან წარწერა „კიდევ სცადე“. ბოლო კაკალში დამხვდა „Will U marry a panda” და ბეჭედი.  ნიგოზ-surprize-ზე ჩემმა ნიგოზ-reply-მაც არ დააყოვნა J

საბა, მარიამს თუ უყვარს სიურპრიზების გაკეთება?

ძალიან უყვარს. თავიდან ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა ყველა საჩუქარსა და სიურპრიზზე. ძალიან სახალისო იყო ჩემი პირველი დაბადების დღე ერთად: მაშინ მარიამი ბაკურიანში მუშაობდა და თბილისში მხოლოდ უქმე დღეებს ატარებდა. ძალიან სახალისო იყო მისი „საიდუმლო დაგეგმარების ოპერაციის“ ყურება. ?) ეს დაბადების დღე ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება.

მარიამ რას ნიშნავს შენთვის HR hub ?

ჩემთვის ჩემი პროფესია არის ის, რის გარეშეც ბედნიერი არ ვარ. განათლება, ახალი გამოცდილება, ტრენინგები – ეს ყველაფერი პროფესიულად მზრდის და HR hub ჩემი განვითარების შემადგენელი ნაწილია. ძალიან მაგარი იდეის გარშემო გაერთიანებული ერთი სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა კარიერული საფეხურიდან – ეს არის HR hub.

რას ელი HR Reborn-ისგან ?

HR hub-ის პირველივე პროექტი ისეთი ხმაურიანია, რომ მხოლოდ გისურვებთ, არც ერთი შემდგომი არ იყოს არსებულზე ნაკლები მასშტაბის. უამრავი ახალი იდეა, ახალი მენტორი, ახალი წევრი, ახალი საზღვრები და საერთაშორისო აღიარება თქვენ!

HR hub მარიამს და საბას მშვიდობიან, ბედნიერ და სასიამოვნო სიურპრიზებით აღსავსე ოჯახურ ცხოვრებას უსურვებს. თქვენ კი  შეგახსენებთ, რომ HR hub – ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn  გაიმართება.

2 დღიან ტრენინგს  Google-ის ტრენერი Chris Perks და  Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი  Pete Jenkins ჩაატარებენ.

დეტალები აქ: https://goo.gl/Go0FJe

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge